მთელ უკრაინაში განგაშის ხმა ისმის – ოკუპანტებმა კიევი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, ჩერკასკი, ხმელნიცკი და ლვოვის ოლქები დაბომბეს
ანექსირებული ყირიმის გარდა, დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის. დილიდან რუსი ოკუპანტები მასირებულ იერიშებს ახორციელებენ.
აფეთქებები მოხდა კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიესა და ჩერკასკის, ასევე, ხმელნიცკისა და ლვოვის რაიონებში.
როგორც ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა ტელეგრამში დაწერა, ქალაქში ორი ჭურვი ჩამოვარდა. მისი თქმით, იერიშია მიტანილი კრიტიკულ ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე.
ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა და მეტრო ტექნიკური მიზეზების გამო გაჩერდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დაწერა: “ხარკოვის და ოლქის მოსახლეობა, დარჩით თავშესაფრებში!! ოკუპანტი იერიშებს ახორციელებენ”.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ასევე ჩუგუევსკის რაიონი ბელგოროდიდან გაშვებული ს-300-დან დაბომბეს.
რაკეტების შესახებ წერს მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი, ასევე, კრივოი როგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვილკული.
ვინიცკის ოლქში საჰაერო თავდაცვამ რაკეტის მოგერიება შეძლო, რომელიც სამოქალაქო ობიექტებზე ჩამოვარდა. “არის ნგრევა, დაღუპულები და დაშავებულები არ გვყავს”, – წერს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ბორზოვი და ადგილობრივებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ჩერკასკშიც ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაიბომბა, ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ზაპოროჟიეც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა, რაკეტები, სავარაუდოდ, თვითმფრინავებიდან იყო გაშვებული. “დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამიტომ, შესაძლებელია ელექტროენერგიის გათიშვა. ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის, ყველა სამსახური ადგილზე მუშაობს. მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება. ფრთხილად იყავით, განმეორებითი დარტყმები გამორიცხული არ არის”, – დაწერა მან.