წიგნი, რომელიც ჯერ არ გამოცემულა, უკვე მსოფლიო ბესტსელერად იქცა
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გაისად, 10 იანვარს, დღის სინათლეს იხილავს პრინც ჰარის წიგნი სახელოდებით – Spare („ზედმეტი“, „სათადარიგო“, „რეზერვი“). საზოგადოება უკვე სათაურით არის გაოგნებული და მოუთმენლად ელოდება, რომ 416 – გვერდიანი წიგნიდან, რომელსაც გამომცემლობა Penguin Random House დაბეჭდავს, ბევრ საგულისხმო ამბავზე გულწრფელ და ემოციურად ძლევამოსილ ნაამბობს წაიკითხავს.
სასექსის ჰერცოგი, ვინც სამი წლის წინათ თავის მეუღლესთან ერთად ნებაყოფლობით დათმო სამეფო უმაღლესობის პრივილეგია და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, დათანხმდა გამომცემლობას, რომ სამ ნაწილად დაწერს წიგნს, რომელიც მის ისტორიას, სიმართლეს და ცხოვრების გზას ასახავს. პირველ წიგნში მას 17 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. მთელ პროექტში კი, ანუ სამივე წიგნში, 36 მილიონ ფუნტს მიიღებს.
მართალია, წიგნი ფიზიკურად ჯერ არ არსებობს, მხოლოდ სათაური და გარეკანის მაკეტია ცნობილი, მაგრამ ინტერესი იმდენად დიდია, რომ „ამაზონზე” უკვე მილიონობით მსურველმა წინასწარ გამოთქვა მისი შეძენის სურვილი. ინგლისურის გარდა აღნიშნული პროექტი კიდევ 15 ენაზე გამოვა,. მათ შორის – ფრანგულად, ესპანურად, იტალიურად, გერმანულად და ჩინურად.
ელოდებიან, რომ ეს იქნება სენსაციური წიგნი, რომელშიც პრინცი ჰარი საჯაროდ ისაუბრებს თავის დამოკიდებულებასა და გულისტკივილზე, რომელიც მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვდა. აქ იქნება მოგონებები დედაზე, რომელიც 13 წლის ასაკში დაკარგა და დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება. აქ იქნება ამბები მისი სამხედრო სამსახურის შესახებ ავღანეთში, ასევე, აღწერს თავის გამოცდილებას, როგორც მეუღლის და მამისა.
ჯერ გამოუცემელ წიგნზე დიდი სჯა-ბაასია გაჩაღებული. სჯერათ, რომ ეს იქნება არა უზრუნველი და ქედმაღალი პრინცის, არამედ ადამიანურად მოწყალე და გამჭრიახი ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, რომელიც წუხს და გულწრფელად ეძებს გამოსავალს, როგორ უწამლოს და დაეხმაროს მოზღვავებულ პრობლემებს, რაც დღევანდელ მსოფლიოს ასე მოსძალებია. მას დედისგან, პრინცესა დაიანასგან, დაჰყვა ადამიანების მიმართ მზრუნველი და მოსიყვარულე ბუნება, რასაც გრძნობს, ხედავს და აფასებს საზოგადოება.
არაერთგვაროვანია პრინცის წიგნის მიმართ საზოგადოების მოლოდინი, ზოგი მათგანი თვლის, რომ იგი გააღრმავებს ბზარს სამეფო ოჯახში, რადგან მასში იქნება ისეთი პასაჟები, რომლებიც ახლანდელ მეფეს, გაისად, მაისში, საზეიმოდ რომ უნდა აკურთხონ მონარქად, გარკვეულ გულისტკივილს მიაყენებს და შეიძლება მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს მთელი სამეფო ოჯახისთვისაც. ჯერ არავინ უწყის, ზუსტად რა წერია „სათადარიგო” სამეფო მემკვიდრის წიგნში. სწორედ ამიტომაც აღძრავს იგი მილიონობით მკითხველის ინტერესს, ყველას სურს, საკუთარი თვალით ამოიკითხოს, რას ფიქრობს სამეფო ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენელი, როგორ აფასებს იგი პერსონალურ თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს?!
ყველაზე სასიამოვნო და იმედისმომცემი კი მთელ ამ ისტორიაში ის არის, რომ პრინც ჰარის არასოდეს ავიწყდება თავისი ადამიანური ვალი პლანეტის უპოვრად და უნუგეშოდ დარჩენილი ნაწილის მიმართ. მან უკვე გამოაცხადა, რომ თავისი ჰონორარიდან მილიონ 600 000 ფუნტს Sentebale-ისა და WellChild-ის საქველმოქმედო ფონდებს გადასცემს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან