FBI-მ ტრამპის სახლის ჩხრეკისას ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო

ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი ირანსა და ჩინეთს ეხებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ზოგიერთი დოკუმენტი შეიცავდა საკმაოდ მგრძნობიარე სადაზვერვო ინფორმაციას ირანისა და ჩინეთის შესახებ, მათ შორის სულ მცირე ერთი დოკუმენტი ირანის სარაკეტო პროგრამას ეხებოდა“, – აცხადებენ წყაროები გამოცემასთან.

ამასთან, როგორც მედია აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები სხვა პირების ხელში აღმოჩნდება, შესაძლებელია, რომ ცნობილი გახდეს აშშ-ის მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მეთოდები.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები