დავით უსუფაშვილი: თუ სადმე ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური და სტრატეგიული ინტერესების მიმდევარი – ეს სწორედ საგარეო პოლიტიკაა

„ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ, უამრავი თვალსაზრისით არის განსამტკიცებელი ტერიტორიით, უსაფრთხოებით, საზღვრებით, მოქალაქეებით, პოლიტიკური სისტემით და ჩვენივე უნარით, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ, გამოვკვებოთ, ჩავაცვათ, გავანათლოთ და ეს უნარები ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ შესაძენი – ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკაში წარმატებაზე და სწორ პოლიტიკაზე და მიმართულებაზე არის გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნების“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში, ერთი შეცდომით შესაძლოა მძიმე შედეგები დადგეს.

„თუ სადმე ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური, სტრატეგიული ინტერესების მიმდევარი, ეს სწორედ საგარეო პოლიტიკაა. თუ სადმე ჩვენ უნდა ვახერხებდეთ ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მიღწევას ეს საგარეო პოლიტიკაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრს და მის გუნდს, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში უწევთ საქმიანობა, რადგან მათ უწევთ საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს წარმოჩენა და მისი ინტერესების დაცვა.

„ისინი იძულებული არიან მსოფლიოს დაუდასტურონ, რომ ჩვენ, პარლამენტში ვერ ვახერხებთ ერთი რეზოლუციის მიღებასაც კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე. მე დარწმუნებული ვარ, იქნება ისეთი პარლამენტი, როდესაც მინისტრი მოვა პარლამენტში და კითხვები არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ პირველ რიგში მმართველ გუნდს ექნება, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყანაში ვითარება. ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირიდან საქართველოსთვის შესასრულებლად მიღებული 12 პუნქტი არის ევროპის მხრიდან დანახული სისტემური პრობლემები ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში.

„ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი და პრობლემები, საერთო მოსაგვარებელი საკითხები, რასაც სჭირდება  ერთობლივი მუშაობა, რათა ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს მკაფიო და გრძელვადიანი. ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანების შესრულება უსაფრთხოების, ეკონომიკური აღმავლობის, ევროკავშირში გაწევრიანების დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები