ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას.
“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის, საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენა, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო ეკონომიკებზე.
ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია 2022-2023 წლების ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ და აღნიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც რეგიონში არსებული ურთულესი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ახალი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების პროცესში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.