ექიმი: ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – დღეს, ალბათ კლინიკიდან გავწერთ
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვს სახლში სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
მისივე თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე, ამბულატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად.
დღეს, დღის განმავლობაში ალბათ სახლში გავუშვებთ“, – აცხადებს ექიმი.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე მოზარდი საავადმყოფოდან 14 ოქტომბერს გაწერეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.