განათლების მინისტრის მოადგილე: ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს – დამრიგებელმა აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს

ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატავად, რაც მოხდა, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა „ნიუ ჰოსპიტალში“ განაცხადა, სადაც მან ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოინახულა.

მახარაშვილის თქმით, არასრულწლოვნები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ.

„მოხდა უდიდესი ტრაგედია და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატავად, რაც მოხდა. კონკრეტულად 55-ე საჯარო სკოლაში, ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე. რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, მშობლებთან. კომუნიკაცია პირადად არ მქონია, მაგრამ ვიცით, რომ რეგულაცია, რომელიც სკოლას ავალდებულებს, მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს, დაცულია“, – განაცხადა მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები