შალვა პაპუაშვილი სიერა ლეონეს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, სიერა ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩერნორ აბას ბუნდუს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა სიერა ლეონეს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა სიერა ლეონეს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” საქართველოს რეზოლუციის მტკიცე მხარდაჭერას.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით განახორციელა საერთაშორისო დონეზე აღიარებული რეფორმები და გამოხატა ამ კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მზაობა. შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრი – ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.