საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილეს

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მოკლედ მიმოიხილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა. ისაუბრა პანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ ეკონომიკური აღდგენისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტენდენციებზე, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემით 10,5% იყო.

მისი თქმით, სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით იღებს მთავრობა იმ  საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომელიც 2023 წლისა და შემდგომი წლებისთვის უნდა დაიგეგმოს.

მომხსენებელმა ძირითადად ისაუბრა ბიუჯეტის საბაზისო სცენარზე, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.

„ჯამში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრება 79,6 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 7 500 დოლარს აღწევს მომდევნო წელს. საგადასახადო შემოსავლების ზრდა იძლევა შესაძლებლობას, რომ დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. წელს 4,4 %-დან 3,2%-ზე ჩამოვიყვანეთ დეფიციტი. მომდევნო წელს უკვე კანონის შესაბამისად, დეფიციტს ვამცირებთ 3%-ზე დაბალ ნიშნულზე. შემცირდა ვალის მოცულობაც, რომელიც 40%-იან ნიშნულამდე ჩამოვიდა, მომავალ წელსაც გვექნება 40%-ზე დაბალი მაჩვენებელი. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,3 მილიარდი ლარით დაიგეგმოს. ამ თანხის ფარგლებში, შესაძლებელი ხდება ვუპასუხოთ ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან დაგეგმილი ბიუჯეტი დარგების მიხედვით გააანალიზა და აღნიშნა, რომ  პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი ორჯერ უფრო მეტით (20%) გაიზრდება, ვიდრე სხვა საჯარო მოხელეების ანაზღაურება რისთვისაც 290,0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული;

სოციალური მიმართულებით – ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.

განათლების მიმართულებით – განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით, და მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება. ასევე მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ გაზარდონ ბაღების თანამშრომელთა ხელფასები.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, რომელიც 183 მლნ ლარს შეადგენს, ასევე თქვა, რომ დიასპორული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია 1 მლნ 400 ათასი ლარი. სადაც დაფინანსება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. პროექტის მიხედვით, ასევე ეტაპობრივად ხდება სიძვირის კოეფიციენტების გადახედვა, რომელზეც დამოკიდებულია ამა თუ იმ საელჩოს დაფინანსება და საბოლოო ჯამში, ესეც მომდევნო წლის ბიუჯეტში არის ასახული.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვები გაგრძელდება როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტში. შესაბამისად, განხილვისას გამოთქმული წინადადებები გათვალისწინებული იქნება და საბოლოო ჯამში გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს ნოემბრის დასაწყისში წარედგინება.

„რაც ვერ შეიცვლება ესაა დეფიციტის მაჩვენებელი, ეს არ უნდა გავზარდოთ, ამას ითხოვს კანონიც და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

განხილვის დასრულების შემდეგ ორივე კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.

გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა  რატიფიცირებისთვის წარდგენილი საერთაშორისო შეთანხმება განიხილა.

მდგრადი ურბანული მობილობის პროექტის ფინანსური დახმარების მიზნით რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“) და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის („KfW“) მიერ გამოიყოფა 47 მლნ ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხი და 1,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. აღნიშნული თანხა ქალაქ თბილისის სატრანსპორტო სქემების  შესწავლისა და გაუმჯობესების პროექტს, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ტრანსპორტის დანერგვას მოხმარდება, რომელიც გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის 30 დეკემბერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები