პარლამენტში მხედველობის დიაგნოსტიკის უფასო აქცია გაიმართა
მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც წელს 13 ოქტომბერს აღინიშნება, პარლამენტში მხედველობის დიაგნოსტიკის უფასო აქცია გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აქცია საქართველოს პარლამენტის აპარატის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
მათივე ცნობით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, სიბრმავის პროფილაქტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კლინიკა „მზერას“ და მის ხელმძღვანელს გიორგი ჩიჩუას აქციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
„წელს, 13 ოქტომბერს აღინიშნება მხედველობის მსოფლიო დღე. ამასთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრის „მზერას“ მხარდაჭერით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის და დეპუტატებისთვის ვატარებთ თვალის სკრინინგის უფასო აქციას. იმედი მაქვს რომ მსგავსი აქციები კვლავ ჩატარდება პარლამენტში, იმისათვის რომ დროულად გამოვავლინოთ თვალის პათოლოგიები და ერთობლივად ვებრძოლოთ სიბრმავეს. დიდი მადლობა კლინიკა „მზერას“ და მის ხელმძღვანელს გიორგი ჩიჩუას, აქციაში მონაწილეობისათვის. პრევენცია არის საუკეთესო მკურნალი მომავლისთვის, ზუსტად ეს არის დღევანდელი აქციის მიზანი“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის ვლადიმერ კახაძის განცხადებით, კარგი იქნება მსგავსი აქციები სხვა საჯარო დაწესებულებაშიც გაიმართება.
„ღონისძიებამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია აპარატის თანამშრომლებში და დეპუტატებში. იმედი მაქვს, ეს გახდება საფუძველი, რომ ასეთი აქციები პერიოდულად წარიმართოს, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფო სისტემის წარმომადგენლებისთვისაც“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მხედველობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება.