დავით სონღულაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხაზი გაესვა არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკას, რომელიც წარმატებით ვითარდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროებაზე. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს რეგიონულ და გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. ამ კუთხით ხაზი გაესვა შუა კორიდორის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა თემატურ საკითხებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.