მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს ყიზილ-აჯლოს, ფარიზის და ცურტავს. გზა მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე გადის.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას. პროექტის ღირებულება 6 184 352 ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ისე ბოლნისისა და დმანისის ტურისტულ ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.