მედია: ნაწილობრივ მობილიზაციას რუსეთის მილიონამდე მოქალაქე გაექცა
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა თითქმის მილიონმა ადამიანმა დატოვა.
ამის შესახებ Forbes-ი კრემლში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის კიდევ ერთი წყარო, რომელიც პუტინის ადმინისტრაციის დახურულ დათვლებთან არის გაცნობილი, ამბობს, რომ ქვეყანა 600-700 ათასმა მოქალაქემ დატოვა.
როგორც Forbes-ი წერს, ყაზახეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასამდე რუსი შევიდა, თუმცა, ამავე დროს, 147 ათასმა ყაზახეთი დატოვა.
აღნიშნულია, რომ სხვა მასპინძელი ქვეყნების სტატისტიკა გაცილებით დაბალია: საქართველოში 69 ათასი ადამიანი ჩავიდა, ფინეთში – 66 ათასი, მონღოლეთში – დაახლოებით 5 ათასი, ყირგიზეთში – 3,5 ათასი.
ასევე, რუსები აქტიურად გარბიან სომხეთსა და თურქეთში, თუმცა, ამ ქვეყნების სტატისტიკა უცნობია.
ასევე, აღნიშნულია, რომ ყველა მოქალაქის აღრიცხვა რთულია, რადგან მოქალაქეთა უმეტესობა ქვეყანას ტურისტული ვიზებით ტოვებს და გაურკვეველია – დაბრუნდებიან თუ არა ისინი უახლოეს პერიოდში სამშობლოში.