„თუ რუსეთს ანექსია და შანტაჟი შერჩება, არც ერთი პატარა ქვეყანა აღარ იქნება დაცული“ – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განმეორებითი მუქარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ მან გამოცემა „Neue Osnabrücker Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მის სიტყვებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, ნებისმიერი სხვა რამ დაუდევრობა იქნებოდა” , – განაცხადა ბერბოკმა.

მისი თქმით, ომის 220 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა „არაერთხელ აჩვენა, რომ არ ერიდება ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებს“.

ამასთან, ბერბოკმა გაიხსენა, რომ პუტინი უპასუხისმგებლო მუქარებს ახორციელებდა ადრეც.

„ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ შანტაჟს, პუტინი ამას შეაფასებს, როგორც მოწვევას შემდგომი ესკალაციისკენ“ , – დასძინა მინისტრმა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით კრემლში გამართულ ცერემონიაზე პუტინის გამოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ მისი იმპერიული სიგიჟე არ შემოიფარგლება უკრაინით.

„ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. თუ რუსეთს ანექსია და შანტაჟი შერჩება და ამ ომს მოიგებს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაანადგურებს უკრაინას – არა მხოლოდ ევროპის სამშვიდობო წესრიგი განადგურდება, არამედ არცერთი პატარა ქვეყანა აღარ იქნება დაცული“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები