ლატვიაში არჩევნების შედეგად, მთავარი პრორუსული პარტიები პარლამენტში ვერ შევიდნენ – გაიმარჯვა პრემიერის პარტიამ
ლატვიაში 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოქმების 100% უკვე დათვლილია და სეიმში მთავარი პრორუსული პარტიები ვერ მოხვდნენ.
კენჭისყრის შედეგებს ქვეყნის ცესკო ავრცელებს.
5%-იანი ბარიერი სულ 7-მა პარტიამ გადალახა.
ლიდერობს პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის პარტია – “ახალი ერთობა”, რომელმაც ხმების 18,97% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მეტი – 26 მანდატი ექნება.
ასევე, პარლამენტში მოხვდნენ “მწვანეთა” და “გლეხთა” კავშირი – 12,44%-ით (16 მანდატი); “გაერთიანებული სია” – 11.01% (15 მანდატი); “ეროვნული გაერთიანება” – 9.29% (13 მანდატი); “სტაბილურობისთვის” – 6.80% (11 მანდატი); “ლატვია პირველ ადგილზე” – 6.24% ( 9 მანდატი); “პროგრესულები” – 6,16% (10 მანდატი).
თუმცა, პარლამენტში ვერ მოხვდნენ პრორუსული პარტიები, რაც ადგილობრივი საექსპერტო საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსული უმცირესობა მოსახლეობის, დაახლოებით, 25%-ს შეადგენდა.
2018 წლის არჩევნებში გამარჯვებულმა პარტია “თანხმობამ”, რომელსაც პრორუსი ამომრჩევლები უჭერდნენ მხარს, მხოლოდ 4,81% მიიღო.
იგივე ბედი ეწია “ლატვიის რუსეთის კავშირს”, ღიად პროპუტინურ პარტიას, რომელმაც – 3,63% მოიპოვა.