ზელენსკი: უკრაინა საფრანგეთისგან მკაფიო რეაქციას მოელის იმ ფსევდორეფერენდუმებზე, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა „ტელეგრამზე“ ისაუბრა.
„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თანამედროვე იარაღის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვაფასებთ საფრანგეთის მიერ ამ თვეების განმავლობაში გაწეულ თავდაცვით დახმარებას. ჩვენ ასევე ველით მკაფიო რეაქციას ფსევდორეფერენდუმებზე, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერმა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საფრანგეთი მზად არის, რომ უკრაინას გვერდით დაუდგეს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთისგან მკაფიო რეაქციას ელოდება.
„ახლა მნიშვნელოვანია საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერისგან, ძალიან ძლიერი სიგნალის მიღება ხელოვნური „რეფერენდუმების“ შესახებ, რომელსაც რუსეთი იარაღის ლულის ქვეშ ატარებს. რეაქცია არ უნდა იყოს ვერბალური. ჩვენ ველით მკაფიო სანქციებს: როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ასევე ცალკეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ რუსეთი აღიარებს ამ ხელოვნურ „რეფერენდუმებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, ნატოს ქვეყნებმა მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ ისინი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ.