აშშ-ის გენპროკურორის მოადგილე: გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას

გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ბრიუს შვარცმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კანონის უზენაესობაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, პრობაციასა და სხვა მრავალ საკითხზე ისაუბრეს.

„შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, ნება მომეცით, გითხრათ, რაოდენ დიდი პატივი იყო ჩემთვის მინისტრთან შეხვედრა და შესაძლებლობა მქონოდა, მასთან განმეხილა კანონის უზენაესობის საკითხები, თუ რამდენად განვვითარდით კანონის უზენაესობის კუთხით როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე გლობალური მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე, პრობაციასა და სხვა მრავალ საკითხზე. განვიხილეთ ამ კონტექსტში არსებული საერთო მიზნები. ჩვენ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიფიქროთ ექსტრადიციის ხელშეკრულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ურთიერთობას და ხაზს გაუსვამს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ აქ ვარ, სამინისტროში, მოუთმენლად ველი მომავალ ვიზიტებს და ვიმედოვნებ, რომ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას და მინისტრს, ასევე, ვიხილავ ვაშინგტონში“, – განაცხადა ბრიუს შვარცმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები