ლევან იოსელიანი: შევჯერდებით სახალხო დამცველის ისეთ კანდიდატზე, რომელსაც ექნება ამ სფეროში გამოცდილება
“შევჯერდებით სახალხო დამცველის ისეთ კანდიდატზე, რომელსაც ექნება ამ სფეროში გამოცდილება. მხოლოდ ოპოზიციის გადაწყვეტილება არ იქნება საკმარისი, ,,ქართულ ოცნებასთან” უნდა მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება, რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს იმ ადამიანების სია წარუდგინა, ვინც სახალხო დამცველის კანდიდატებს შეფასებას გაუკეთებს. როგორც იოსელიანი აცხადებს, წინასწარ გამოკვეთილი დამოკიდებულება რომელიმე კანდიდატის მიმართ არ აქვს.
,,პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოგვიდგინა სია, ვინ იქნება იმ 9 კაცში, ვინც შეფასებას გაუკეთებს სახალხო დამცველის კანდიდატებს და მსჯელობა გვქონდა ამ სიის ირგვლივ. განსაკუთრებული წინააღმდეგობა არავის მხრიდან არ ყოფილა. მე შემიძლია, გაგაცნოთ ეს სია: დავით ასათიანი, თამარ ზარანდია, ნათია კუპრაშვილი, რაისა ლიპარტელიანი, ელენე რუსეცკაია, ანრი სტეფანიანი, ნინო ჩხობაძე, ეკა ციმაკურიძე, ლევან ცუცქირიძე. ამ 9 ადამიანის მიერ დაწერილი შეფასების შემდეგ, პარლამენტის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. წინასწარ ვერ ვიტყვი, ვის დავუჭერ მხარს, კანდიდატების მოსმენის შემდეგ ჩამოგვიყალიბდება აზრი. წინასწარ გამოკვეთილი დამოკიდებულება არ გამაჩნია, შევჯერდებით ისეთ კანდიდატზე, რომელსაც ექნება ამ სფეროში გამოცდილება.
მხოლოდ ოპოზიციის გადაწყვეტილება არ იქნება საკმარისი, ,,ქართულ ოცნებასთან” უნდა მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება, რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ. საბოლოოდ, რომელ კანდიდატზე მოხდება შეთანხმება, ამას ალბათ პროცესი გვაჩვენებს, ჯერჯერობით ასეთი გამოკვეთილი კანდიდატი მე ვერ დავინახე” _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.