ცნობილია 9-კაციანი კომისიის შემადგენლობა, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევაზე იმუშავებს

სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. სიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ და მასთან კონსულტაცია გაიარეს.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის პირები დაასახელეს, ვინც კომისიაში იქნება წარმოდგენილი, ესენია:
დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
თამარ ზარანდია, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ნათია კუპრაშვილი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ლარისა ლიპარტელიანი პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;
ელენე რუსეთსკაია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი;
არნოლდ სტეპანიანი ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე;
ნინო ჩხობაძე საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე;
ეკა ციმაკურიძე ა/ო „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ თავმჯდომარე;
ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი.

კომისია იმსჯელებს იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც 29 სექტემბრამდე მიმართავენ პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის მიზნით.

პროცედურის შესაბამისად, კომისია სახალხო დამცველის კანდიდატებს მოუსმენს და გააკეთებს შეფასებას. მოგვიანებით კი, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ და ფრაქციები სასურველ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. „ქართული ოცნება“ კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩაერთვება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ეს პროცესი მათი მხრიდან დათმობილია ოპოზიციისთვის.

სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები