ნიკო კახეთელიძე – თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე: უნდა გადავეწყოთ და შევცვალოთ ჩვენი ჩვევები, სხვაგვარად ეს ქალაქი განადგურდება

რა თქმა უნდა, შეეძლო კალაძეს, “შეეპაჩინკებინა” მონაკვეთ-მონაკვეთ ყველაფერი და აირიდებდა გარკვეულ რისკებს, რომლებიც უკვე პოლიტიკას ეხება, მაგრამ ის ამაზე წავიდა და ამისთვის მას უპირობო გვერდზე დგომა სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის სატრანსპორტო რეფორმას ეხმაურება.

მისი თქმით, პროცესი მრავალკომპონენტიანია და არა მარტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, არამედ უსაფრთხოების საკითხსაც ეხება.

“ძალიან რთულია, აქ დაწერო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელსაც ატარებს თბილისის მერია. რთულია იმიტომ, რომ ეს პროცესი მრავალკომპონენტიანია და ამის აღქმა და “ფართო ობიექტივით” დანახვა ადამიანებისთვის, ვისაც არ ჰქონია შეხება ქალაქის ინფრასტრუქტურასთან, ძალიან გაუჭირდება. ამ პროცესის მონაწილეები ვართ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ყოველდღიურობა. გადაჩვევა იმის, რაც მნიშვნელოვანწილად აფერხებს ჩვენი ქალაქის განვითარებას. უნდა გადავეწყოთ და შევცვალოთ ჩვენი ჩვევები. რატომ? იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს ქალაქი განადგურდება. ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება, მარტო იმისთვის კი არ არის რომ გალამაზდეს და კეთილმოეწყოს თბილისი, ძალიან სერიოზულად დგას უსაფრთხოების საკითხი, რომელზეც სამწუხაროდ არ ან ვერ (უსახსრობის გამო) ახერხებდნენ ჩვენი წინამორბედები. კომუნიკაციების ის სისტემა რომელიც ქალაქის ძალიან ბევრ არეალშია არის მოძველებული, ავარიული და შეუსაბამო დღევანდელ მოთხოვნებთან. წლების განმავლობაში ამ პრობლემამ უამრავი სახლი აქცია ავარიულად და შექმნა “საინჟინრო კოლაფსი”. გაანადგურა ინფრასტრუქტურის ყველა კვანძი. რა თქმა უნდა, შეეძლო კალაძეს “შეეპაჩინკებინა” მონაკვეთ-მონაკვეთ ყველაფერი და აირიდებდა გარკვეულ რისკებს, რომელიც უკვე პოლიტიკას ეხება, მაგრამ ის ამაზე წავიდა და ამისთვის მას უპირობო გვერდზე დგომა სჭირდება. გვერდზე დგომა სჭირდება ხალხს, რომელიც დღე და ღამე აუტანელი შრომის ფასად ცდილობს “დაალაგოს” ეს ქალაქი და გახადოს უფრო კომფორტული. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ მათ კომპეტენციაში იმის გათვალისწინებით რომ გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულები არიან ძალიან სერიოზული უცხოური კომპანიები და ექსპერტები, რომლებსაც არაერთი ქალაქი გამოუყვანიათ უფრო რთული ვითარებიდან. ამიტომ, მოთმინებით და გააზრებულად შევხედოთ ამ პრობლემებს. ჩემი მხარდაჭერა კახა კალაძეს და მის გუნდს”, – წერს ნიკო კახეთელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები