განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში შემუშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.
მოდელი გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურს სკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.
ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
საჯარო სკოლებში ახალი ეროვნული ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის დანერგვის ფარგლებში ასევე იგეგმება ხარისხიანი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი პროფესიონალებისთვის ლიდერობის განვითარებისა და კონსულტირების ტრენინგ-პროგრამების ჩატარება. ტრენინგები ოქტომბრის თვეში დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის, რესურს სკოლების, ნორვეგიის საელჩოს, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ინკლუზიური განათლების სფეროს ექსპერტებმა.