საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” სრული დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი” სრული დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე, სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.