ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ქვეყანა რვა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, თუმცა, უკან – სახლში დაახლოებით 5 მილიონი უკრაინელი მოქალაქე დაბრუნდა.
ამის შესახებ დიპლომატმა კიევში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ევროკავშირის ქვეყნებში რვა მილიონზე მეტი უკრაინელი ჩავიდა, მაგრამ მათი უმეტესობა უკვე დაბრუნდა სამშობლოში”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ისევ ლტოლვილობაში არიან, სურთ სახლებში დაბრუნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, უკრაინელ მეგობრებს გავუწიოთ რაც შეიძლება მეტი დახმარება. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ მათ სურთ, ისევ დაბრუნდნენ სახლში, აღადგინონ უკრაინა და გადააქციონ ის აყვავებულ სახელმწიფოდ“, – დასძინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.