ქალაქ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
„თითოეული გვამის ექსჰუმაცია იქნება საჭირო, როგორც ეს ბუჩაში იყო. სამწუხაროდ, ასეთი უარყოფითი ტრაგიკული გამოცდილება გვაქვს და ჩვენ დავადგინებთ იმ 400-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების გარემოებებს“, – განაცხადა გერაშჩენკომ.
მან ასევე თქვა, რომ იზიუმში უამრავი სახლის ნანგრევებია, ერთ-ერთი ასეთი ნანგრევიდან 47 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
„ეს არის სამსართულიანი შენობა, რომელშიც რუსული საჰაერო დაბომბვის შედეგად ორი სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, რუსების დროებით ოკუპაციის დროს მათ ნანგრევების დემონტაჟი უბრძანეს და 47 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს“, – განაცხადა გერაშჩენკომ.
მისი ვარაუდით, იზიუმში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 1000 ადამიანს მიუახლოვდეს.
“და ეს არის ბუჩაზე ორჯერ მეტი. რა თქმა უნდა, ყველაფერს შევამოწმებთ”, – ხაზგასმით აღნიშნა გერაშჩენკომ.