აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლით სხდომაზე თანამედროვე აგრორეგიონის პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე იმსჯელა და დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად გაერთიანებული იყვნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მომზადდა საპილოტედ შერჩეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გზამკვლევი დოკუმენტი, რის საფუძველზეც ჯგუფმა სხვადასხვა უწყებისათვის გამიზნული რეკომენდაციები შეიმუშავა.

სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გააცნო. მისი თქმით, დონორის დახმარებით და ექსპერტის ჩართულობით, განხორციელდა საპილოტე პროექტი თანამედროვე აგრორეგიონის შესახებ თეთრიწყაროს მაგალითზე, შედეგად კი რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ინტერვენციების რეალიზებას და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს მოახდინოს რესურსების მობილიზება და მათი მიზნობრივად გამოყენება.

რეკომენდაციები სამ ჯგუფად იყოფა გზამკვლევის განხორციელების მართვასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სოფლად ტურიზმის, მათ შორის, აგროტურიზმის ინტერვენციების განხორციელებისათვის

„თეთრიწყაროს მაგალითზე, კომპლექსურად მოხდა იმ სოციალურ-ეკონომიკური მოცემულობის და პოტენციალის, რესურსების და აგრო და აგროტურისტული ტრადიციული მიმართულებების გაანალიზება, რომლებიც რეგიონს აქვს. ამის საფუძველზე კი, შესაბამისად, შემუშავდა რეკომენდაციები მულტისექტორულად სხვადასხვა სამინისტროს და თავად მუნიციპალიტეტის მიმართ, რათა კოორდინირებულად მოხდეს ამ რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა და ყველა იმ საჭიროების დაგეგმა და გაწერა დროში, რომელიც საბოლოოდ ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარების დაჩქარებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც სხდომაზე ითქვა, ეს რეკომენდაციები მიემართება სხვადასხვა უწყებებში და მოემსახურება თანამედროვე აგრორეგიონის პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპილოტე რეგიონის მაგალითზე განხორციელებას. რეკომენდაციების საფუძველზე, გზამკვლევის განხორციელების მიზნით, მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებას კოორდინაციას და მონიტორინგს აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაუწევს. კომიტეტის წევრებმა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირეს. სხდომის მუშაობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები