მიხეილ დუნდუა – გაერო-ს ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს ადგილის შესახებ: რეიტინგი მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს ის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, უფრო მეტი ძალისხმევით და მიზანმიმართულად მივმართოთ ამ მიმართულებაზე
გაერო-მ ადამიანის განვითარების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისი თქმით, ზედიზედ მეოთხეჯერ, გაერო-მ საქართველოს მისცა ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი, რაც გამორჩეული შედეგია.
„საქართველო კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი არის დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწიოთ კეთილდღეობასა და წინსვლას, როგორც ეკონომიკური, ისე – სოციალური მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველო რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, ერთ-ერთი გამორჩეულია.
მაგალითად, ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველომ 7 ადგილით შეძლო პოზიციის გაუმჯობესება 2015-2021 წლების პერიოდში. ყოველივე ეს, უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ ის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, უფრო მეტი ძალისხმევით და მიზანმიმართულად მივმართოთ ამ მიმართულებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი და მომავალი წელიც საუკეთესო იქნება ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
შეგახსენებთ, ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა. ამასთან, საქართველოს ზედიზედ მეოთხედ მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი.