ევროკავშირის მხარდაჭერით, შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგი გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვაო სივრცეში სანაპირო და გარდამავალი წყლების ჰიდრო-ბიოლოგიური და ეკოლოგიური მონიტორინგი  დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ქობულეთი-ანაკლიის აკვატორიის ნაწილში და პალიასტომის ტბაზე განხორციელდა.

“სააგენტოს სპეციალისტების და პროექტის ექსპერტების მიერ, წინასწარ შერჩეულ საკვლევ სადგურებზე, ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური ანალიზისთვის წყლისა და ფსკერული ნალექების ნიმუშები იქნა აღებული. მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდება საკვლევი უბნების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირი გარემოსათვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო  საქართველოს საზღვაო სივრცეში სანაპირო და გარდამავალი წყლების ჰიდრო-ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ მონიტორინგს აწარმოებს. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სააუზო და სანაპირო წყლების მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში სანაპირო და ზედაპირული წყლების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას, სააუზო მართვის გეგმების იმპლემენტაციას, ევროკავშირის წყლისა და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვას.

აღნიშნული პროექტის  პარტნიორები არიან ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA), ავსტრიის განვითარების სააგენტო(ADA), საფრანგეთის წყლის საერთაშორისო ფონდი (OiEau), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები