რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის დაყენება, რეალურად, გამოწვეულია იმით, რომ მათ [ნაცმოძრაობას] დღის წესრიგი არ აქვთ და ზერელე ლოზუნგით არიან შეიარაღებულნი, – ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს და პარტიის ყველა ქმედება ამ მიზნისკენ იქნება მიმართული.
ქადაგიშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი პოლიტიკურად მოუმზადებელია.
როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა, 12 რეკომენდაციის შესრულება და არა – რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
„ოპოზიცია რეალურად რომ იყოს საპარლამენტო საქმიანობაში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, მათ მეტი პერსპექტივა ექნებოდათ, ამომრჩევლისთვის რაღაც საკითხებში თავისი უპირატესობა დაენახებინათ. გარიყული არიან და თავი თავად გაირიყეს. იმისათვის, რომ პოლიტიკურ ველზე რამენაირად თავისი პოზიცია დააფიქსირონ, რიგგარეშე არჩევნებზე ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. რატომ არის აბსურდული? – რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს, ეს იქნება მხოლოდ ერთი წლით, რადგან 2024 წელს ისედაც ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნები 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით უნდა ჩატარდეს, რასაც თითქოს აპროტესტებენ და უნდათ, საარჩევნო ბარიერი დაწეული იყოს. ქვეყანას არანაირი ამოცანა არ აქვს რიგგარეშე არჩევნების, ანუ, პოლიტიკურად ეს საკითხი აბსოლუტურად მოუმზადებელია. ამიტომ, ეს განცხადებები დღის წესრიგს აცდენილია. ქვეყნის დღის წესრიგია სტაბილურობა, მშვიდობა და 12 რეკომენდაციის შესრულება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.