ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ ახალ პროექტს სასმელი წყლის ხარისხის და რესურსების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებისთვის
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო პროექტი სახელწოდებით – „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“.
პროექტის მიზანია სასმელი წყლის ხარისხისა და წყალის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებში რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით დაინტერესება, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ინიციატივის შედეგად დაახლოებით 300-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხისა და რესურსების შესახებ. პროექტი განხორციელდება ქ. ბათუმში, ქ ქუთაისში, ასპინძის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელობის და მისი მახასიათებლების, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, გაიმართება საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა და ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. პროექტი მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სასწავლო ცენტრის შესახებ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება. გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ:
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 70 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.