პუტინი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს განუცხადა, რომ მოსკოვი და ფხენიანი ორმხრივი ძალისხმევით “კონსტრუქციული კავშირების მთელ სპექტრს გაზრდიან“.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო KCNA იტყობინება.

ჩრდილოეთ კორეის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით, კიმ ჩენ ინისადმი მიწერილ წერილში, პუტინმა თქვა, რომ მჭიდრო ურთიერთობები ორივე ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას კორეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

საპასუხო წერილი კიმ ჩენ ინმაც გაგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მეგობრობა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო იაპონიაზე გამარჯვებით, რომელმაც კორეის ნახევარკუნძული დაიპყრო.

„ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტაქტიკური თანამშრომლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა ახალ დონეზე ადის იმისთვის, რომ აღმოიფხვრას მტრული სამხედრო ძალების საფრთხეები და პროვოკაციები”, – ნათქვამია კიმ ჩენ ინის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული „სახალხო რესპუბლიკა“ ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ოფიციალური პირები განიხილავდნენ შესაძლებლობას ამ ე.წ. რესპუბლიკებში ჩრდილო კორეელი მუშების გაგზავნის შესახებ.

ამ ნაბიჯის გამო უკრაინამ 13 ივლისს ფხენიანთან ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები