ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მაშველები 18 მოქალაქეს ეძებენ

ერევანში, სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთანავე, მაშველები ნანგრევებში 18 მოქალაქეს ეძებენ.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, არმენ ფამბუხჩიანმა განუცხადა, ამ 18 ადამიანის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. მისი თქმით, ისინი ცენტრის თანამშრომლები და სტუმრები არიან.

როგორც მინისტრმა თქვა, ქვეყნის სხვადასხვა ცენტრში, ამჟამად 23 პაციენტი მკურნალობს.

არმენ ფამბუხჩიანმა ასევე თქვა, რომ „სურმალუს“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დროდადრო, ხანძრის მცირე კერები ჩნდება.

“საწყობში რჩება პიროტექნიკის მასალები, ასევე აალებადი პლასტმასის ნაწარმი. ხანძრის კერები, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩნდეს, მაშველები ამისთვის მზად არიან. ამ დროისთვის მხოლოდ საწყობის ტერიტორია იწვის, დანარჩენ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია”,- თქვა მინისტრმა.

გარდა ამისა, ხანძრის ქრობის დროს 7 მაშველი დაშავდა, მათგან ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მომხდარიყო.

ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება “აალებადი ნივთიერების შენახვის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ და „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ მუხლებით აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები