ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ერევნის სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ამასთან, მომხდარზე ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე “აალებადი ნივთიერების შენახვის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ და „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ მუხლებით აღიძრა.
ერევნის სავაჭრო ცენტრში ხანძარი დღეს გაჩნდა.
ამ დროისთვის 20 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია უცნობია, 60-მდე მოქალაქე დაშავდა.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.
ადგილზე შექმნილი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე, რადგან ხანძრის ახალი კერები ჩნდება.
რაც შეეხება დაშავებულებს, როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, 36-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ხოლო 22 მოქალაქე, გამოკვლევების შემდეგ, ბინაზე გაწერეს.