მოსკოვმა შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობა დაასახელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარებს, აღნიშნული მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს.

ამის შესახებ ზახაროვამ „როსია-1“-ის ეთერში თქვა.

კითხვაზე, იციან თუ არა შეერთებულ შტატებში, რომ ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა გაწყდება, ზახაროვამ თქვა, რომ „ამაზე უკვე ვისაუბრეთ და არა მხოლოდ ზეპირად, კომენტარები წერილობითაც გამოვაქვეყნეთ და ვთარგმნეთ კიდეც ინგლისურად. ყველაფერი არაერთხელ იყო ნათქვამი“.

გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, შეერთებული შტატები დასავლეთს აიძულებს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად.

”მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თემაზე აზრი უკვე გამოთქვეს,” – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა. ამის შემდეგ ლატვიელმა დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსებისთვის ვიზების გაცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები