„უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ“ – ზელენსკი

უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა ქვეყნებს, რომლებმაც ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხი ევროკავშირში განხილვის ოფიციალურ დონეზე მიიტანეს, მადლობა გადაუხადა.

„ყოველივე იმის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში გააკეთეს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს – აღიქმებოდეს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და სხვათაშორის, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაც სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს.

მადლობას ვუხდი ჩეხეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებმაც ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხი ევროკავშირში განხილვის ოფიციალურ დონეზე მიიტანეს.

უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ. შეუძლებელია ევროპის იდეის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების განადგურება. შეუძლებელია ევროპის სუპერმარკეტად გადაქცევა, რომელშიც არ აქვს მნიშვნელობა ვინ შემოდის. მთავარი ის არის, რომ ადამიანმა უბრალოდ გადაიხადოს საქონლისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები