დიდგორობის დღესასწაული სხვადასხვა ღონიძიებით აღინიშნა(ფოტო)
პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება -,,ძლევაი საკვირველი“, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა. „დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე. მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას, – დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გამთლიანებას, გაძლიერებასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დიდგორობის დღესასწაული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნა. სამი სამხედრო მოსამსახურე “დიდგორის ჯვრით” დაჯილდოვდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.