ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა დნეპროპეტროვსკის დაბომბვას უპასუხოდ არ დატოვებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმას, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, უპასუხოდ არ დატოვებენ.

მისი თქმით, რუსული ტერორის მორიგი გამოვლინება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა და ჩვენი ძალოვანი ხელისუფლება უპასუხოდ არ დატოვებს დნეპროპეტროვსკის ოლქის დღევანდელ რუსულ დაბომბვას. რუსული ტერორის ეს მორიგი გამოვლინება, ნიკოლაევსა და ხარკოვზე დარტყმების მსგავსად, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო ხანგრძლივი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, ომის დასრულების ვადა რუსული მხარის დანაკარგების ოდენობაზეა დამოკიდებული.

„რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას. თუ თითქმის 43 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი არ არის საკმარისი არგუმენტი რუსეთის ხელმძღვანელობის დასარწმუნებლად იმისთვის, რომ მათ უნდა ეძებონ ომიდან გამოსავალი, მაშინ ჩვენ გვჭირდება მეტი ბრძოლა, ჩვენ გვჭირდება მეტი შედეგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები