თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ FBI სამხრეთ ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მომხდარის შესახებ მათ მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს.
როგორც მან აღნიშნა, ჯო ბაიდენმა ჩხრეკის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან სამართალდამცველებს აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლში არავინ გაუფრთხილებიათ.
ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.