აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
როგორც მაიკ პენსი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, აღნიშნული ქმედება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ამერიკის მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.
„ვიზიარებ მილიონობით ამერიკელის ღრმა შეშფოთებას პრეზიდენტ ტრამპის პირადი რეზიდენციის უპრეცედენტო ჩხრეკის გამო. აშშ-ის ისტორიაში არც ერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა.
გუშინდელი ქმედება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გენერალურმა პროკურორმა ამერიკელ ხალხს სრული ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რატომ განხორციელდა ეს ქმედება და მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს“, – წერს მაიკ პენსი Twitter-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.