“თუ რუსეთი წააგებს, 15-20 წლით დატოვებს მსოფლიო ბაზარს, შეწყდება ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება, კონფლიქტების, შიმშილის, ენერგოკრიზისის პროვოცირება” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი დასრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც რუსეთი ქვეყნის ტერიტორიას მთლიანად დატოვებს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.

ამის შესახებ მან BBC-ის უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები: პირველი, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, და უკრაინა მთლიანად დატოვოს. მათ შორის ყირიმიდან. წარმოიდგინეთ, რომ თუ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი მაინც დარჩება, ეს პროვოკაციების მუდმივი ადგილი იქნება. მოიგონებენ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს, არ ვიცი, „მფრინავ ციყვებს“, ისაუბრებენ ატლანტიდის ხალხის დაბომბვაზე, რომელთა დაცვის მიზნით მილიონი უკრაინელი უნდა განადგურდეს. ანუ, თუ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე რაღაცას დავუტოვებთ, ეს იქნება მუდმივი ომი”,- თქვა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ახლა უკვე აღარ არის საუბარი ტერიტორიების გამო ომზე, ეს უკვე ომია ფასეულობებისთვის.

“აქ არის კითხვა, როგორ განვითარდება კაცობრიობა მომდევნო, სულ მცირე 50 წელიწადში. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ღირებულებითი თვალსაზრისით, პროგრესის თვალსაზრისით, კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვება. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან, გულწრფელად რომ ვისაუბროთ, თუნდაც პათეტიკურად, ჩვენ ხომ სიკეთის მხარეს ვართ. ჩვენ იმ მხარეს ვართ, რომელიც კაცობრიობას პროგრესულად განვითარების საშუალებას მისცემს.

რუსეთი აჩვენებს სხვა ტიპის ცივილიზაციას – დაბრუნება ბარბაროსულ დროში, შუა საუკუნეებში. სადაც თუ ძლიერი ხარ, არავის მოსმენა არ მოგიწევს, ნებისმიერის მოკვლა შეგიძლია. ამას გვაძლევს რუსეთი. რუსეთმა ვერ შეძლო კაცობრიობის განვითარების პროგრესულ მიმართულებაში ჩართვა. და ქვეცნობიერად რუსეთს ესმის, რომ ისინი აუტსაიდერები არიან, უნდა გაქრნენ, ეს უკვე მკვდარი ცივილიზაციაა.

ეს უნდა ავუხსნათ პარტნიორებს და ამას პრეზიდენტი აკეთებს. ეს არ არის იარაღის რაოდენობის, ბაზრების გადანაწილების, ტერიტორიების დაკარგვის ან დაბრუნების საკითხი. ეს არის ომი ზუსტად იმაზე, თუ როგორ განვითარდება კაცობრიობა შემდგომში.

თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ყველა ავტორიტარული სისტემა და ზოგიერთი სუსტი დემოკრატიის მქონე სისტემაც კი, იფიქრებენ, რომ დემოკრატია არ არის მომგებიანი, რომ თავისუფლება არ არის მომგებიანი, რომ კონკურენცია საერთოდაც აუტსაიდერობაა. იფიქრებენ, რომ მომგებიანია ბანაკში ცხოვრება ხელისუფლების კონკრეტული ვერტიკალით, რომელსაც შეშლილი მეფე ხელმძღვანელობს.

უკრაინის გამარჯვება კი სულ სხვა ღირებულებაა. ეს არის თავისუფლება. თავისუფლებისთვის კი ნებისმიერი ფასი უნდა გადაიხადო. და უკრაინა ამ ფასს იხდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა წააგოს, რადგან ის, მომდევნო 15-20 წლით დატოვებს მსოფლიო ბაზარს. და იცით რა გაქრება ამავე დროს? რუსეთი ხომ მთელს მსოფლიოში ინვესტიციებს ულტრამემარჯვენეებში, ნაცისტებში, სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებში დებს, ის მცირე და დიდ კონფლიქტებს პროვოცირებს აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, იგივე სირიაში. რუსეთი მუდმივად აწუხებს ევროპას, და იქ ქაოსი მატულობს. რუსეთი მუდმივად პროვოცირებს მიგრაციულ კრიზისებს, შიმშილს, ენერგეტიკულ კრიზისებს. და თუ რუსეთი წააგებს, გარკვეული დროით ეს ყველაფერი გაქრება. ანუ ევროპაც და ჩვენც შევძლებთ ინვესტიციას ჩვენს კეთილდღეობაში. ეს იქნება გამარჯვება (უკრაინის). და, სხვათა შორის, ევროპისაც”,- თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები