თურქეთი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს ანკარაში ქვეყნის ელჩების მე-13 კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის რუს და უკრაინელ კოლეგებთან საუბრისას ყოველ ჯერზე ხაზს უსვამდა დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ პოზიტიური ატმოსფერო და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ მშვიდობისთვის მზადყოფნის განცხადებები საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი მიდგომით“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარასა და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს მიღწეული შეთანხმებების განხორციელება უპრობლემოდ გრძელდება.