შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს

“ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ”,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

პაპუაშვილის შეფასებით, კალანდარიშვილმა პროფესიონალიზმით თავი გამოიჩინა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნული გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს.

„ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა პარლამენტში. ისეა წარმოჩენილი, თითქოს ერთპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ორი მესამედისთვის არ იყო საკმარისი, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გეგმა აქვს, რადიკალური გეგმა აქვთ სიტუაციის არევის. რაც შეეხება წარდგენა-არ წარდგენის საკითხს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თავი გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, წლებია საჯარო სამსახურშია. მის წინააღმდეგ მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო დისკრიმინაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას ხელი შეუწყო. ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ. არ არსებობს არცერთი შენიშვნა მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი, რაც მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში შეიტანდა ეჭვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამით საჯარო მოხელეებს დაანახა, რომ მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას დაფასება არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები