მაია ზალდასტანიშვილი: მოსახლეობას ვაფრთხილებ, როგორც კი დაუფიქსირდებათ კორონავირუსი, საქმის კურსში ჩააყენონ “ონლაინ ექიმი”, რომელიც გადაწყვეტს – პაციენტს ესაჭიროება “პაქსლოვიდი” თუ არა

“მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც კი დაუფიქსირდებათ კორონავირუსი, შეატყობინონ ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენონ “ონლაინ ექიმი”, რომელიც, სავარაუდოდ, გადაწყვეტს – მას ესაჭიროება “პაქსლოვიდი” თუ არა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეპარატი ვირუსის გამრავლებას ხელს უშლის.

“პაქსლოვიდი”  გახლავთ პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია, პაციენტმა ამბულატორიულად მიიღოს. ეს არის სამი ანტივირუსული პრეპარატის კომბინაცია და პრეპარატი პაციენტმა შესაძლოა, მიიღოს დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, როგორც კი დაუფიქსირდებათ დაავადება, შეატყობინონ ოჯახის ექიმს და საქმის კურსში ჩააყენონ “ონლაინ ექიმი”, რომელიც სავარაუდოდ გადაწყვეტს მას ესაჭიროება “პაქსლოვიდი” თუ არა. ეს არის პრეპარატი, რომელიც წყვეტს ვირუსის რეპლიკაციას, გამრავლებას ეწინააღმდეგება. დღეისთვის ისეთ პაციენტებს ენიშნებათ, რომლებიც არიან რისკჯგუფებში – ესენი არიან 60 წელს გადაცილებული პაციენტები და მძიმე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები. რაც შეეხება “რემდესივირს”, ეს ამბულატორიულად მისაღები პრეპარატი, ჯერჯერობით, არ არის იმიტომ, რომ ეს არის ინტრავენური მოხმარების პრეპარატი და ინფუზია ხდება კლინიკაში, მის მიღებას აზრი აქვს დაავადების დაწყებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში”, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები