რუსეთში “აზოვი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა – ბატალიონის წევრებს 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული ბატალიონი – „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა.
შესაბამისი სარჩელით სასამართლოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, გასაჩივრებისთვის ერთი თვეა განკუთვნილი.
ამრიგად, დღეიდან ბატალიონის წევრებს „ტერორისტული“ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისთვის 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ორგანიზატორებისთვის კი – 15-დან 20 წლამდე. ამასთან, კანონი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ან დაკავებამდე ნებაყოფლობით დატოვეს ასეთი ორგანიზაცია.