იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონი ივანიშვილის ამასწინდელ განცხადებაში, სადაც მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, ითქვა, რომ „კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავაზე საჭირო განმარტებებს შემდგომში უკვე ადვოკატთა ჯგუფი გააკეთებს.
ამდენად, გვსურს, მიმდინარე დავის რამდენიმე ასპექტზე მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება.
დავიწყებთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის აღნიშვნით. პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება. აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მცდელობაზე ერთადერთი გამოხმაურება, ისიც ირიბი, „რადიო თავისუფლების“ საიტზე შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფი „ტამედიას“ ჟურნალისტის, ბატონი ბერნარდ ოდენალისგან იყო, რომელმაც ჩვენ მიერ გაცხადებული ინფორმაცია მედია-შეზღუდვის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. დასახელებულ ინტერვიუში მან საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რასაც პასუხად მოყვა ჩვენგან შეთავაზება და ხელშეწყობის მზაობა „კრედიტ სუისის“ ქმედებების ჟურნალისტის მხრიდან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიების მიზნით. ეს შეთავაზება ახლაც ძალაშია, თუმცა უშედეგოდ.
ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს – ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.
ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, „კრედიტ სუისთან“ საქმიან ურთიერთობაში შესვლას.
დღემდე არაერთზგის განვაცხადეთ ბანკის სატრასტო სტრუქტურების მხრიდან შეზღუდვებზე, რაც ბატონი ივანიშვილის მიერ მისივე აქტივებზე წვდომასა და მათ განკარგვას შეეხება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ბატონი ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისში“ ჩადენილ დანაშაულს გადაურჩა, გადატანილ იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, თანხა კვლავ დარჩა „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ (გერნსის კუნძულის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო კომპანიაზე). ამდენად, ეს თანხა სადავო თანხა არ არის არც ბერმუდაზე, არც სინგაპურში და არც შვეიცარიაში. შესაბამისად, ყველა კანონით, ბენეფიციარს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ასეთ, დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ბენეფიციარს 2022 წლის 4 მარტიდან და მხოლოდ ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გადაურიცხეს თანხა, ხოლო აპრილიდან მოყოლებული მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. საბანკო სტრუქტურაში შემავალი ტრასტის მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა.
აქვე მოგახსენებთ მეორე სატრასტო კომპანიაზეც (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის იურისდიქციაში), რომელიც ასევე „კრედიტ სუისის“ სტრუქტურაშია, ხოლო მისი მართვის ქვეშ არსებული ბატონი ივანიშვილის თანხა „კრედიტ სუისშია“ (და არა სხვა შვეიცარიულ ბანკში). აღნიშნული სატრასტო სტრუქტურა და მართული თანხა განგებ იყო დატოვებული ტრასტის მოთხოვნით მანამ, სანამ ბერმუდაზე მიმდინარე დავა არ დასრულდებოდა. როდესაც დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა თავად აღიარა და დაადასტურა, რომ თანხა იყო თავისუფალი და ბატონ ივანიშვილს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ ტრასტის მოთხოვნით შენარჩუნებული თანხა განეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისარგებლა თავისი უფლებით და მოითხოვა გათავისუფლებული თანხის განკარგვა, უკვე 2 თვეა ტრასტი მაინც დაუსაბუთებლად იკავებს თავს თანხის გადმორიცხვისგან, თუმცა კი ვერც უარის თქმას ბედავს ბოლომდე, იმდენად დაუსაბუთებელი იქნებოდა პირდაპირი უარი.
აღნიშნული ტრასტის მიმართ განზრახულია დამატებითი სარჩელის აღძვრა სინგაპურში, რათა დადგეს ტრასტის პასუხისმგებლობა და აღდგეს ბენეფიციარის დარღვეული უფლებები.
ჯამში, აშკარაა, რომ „კრედიტ სუისის“ ქვეშ არსებული ტრასტების მოქმედების ხელწერა „თანმიმდევრულია“. დიახ, ისინი თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.
ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ბატონი ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კვლავაც გაგრძელდება.
ამ განცხადებაში დასახელებული ტრასტების მხრიდან ბატონი ივანიშვილის მისამართით შექმნილ ხელოვნურ შეზღუდვებზე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ შემდეგი: ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან. აქაც საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული იმ წარმატებებზე, რასაც ბერმუდაზე მივაღწიეთ და ვაღწევთ; ისევე როგორც იმ პოზიტიურ მოლოდინზე, რასაც სინგაპურში მიმდინარე დავას ვუკავშირებთ ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
რასაკვირველია, ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მომავალშიც გავაგრძელებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.