გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა: ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ
გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედა სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და პატიებას სთხოვს.
„ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ, მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. პირველ რიგში, იმ ხალხზე შემტკივა გული. ჩემი შვილი აღარ მედარდებოდა, რომ ვუყურებდი, რა დღეში ჩაცვივდა ამდენი ხალხი ჩემი შვილის გამო. მაპატიეთ, გთხოვთ“, – ამბობს ქალი.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
ტრაგედიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.