“რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებას პატივი უნდა სცეს” – G7-ის ელჩები ოდესაში ჩავიდნენ

G7-ის ქვეყნების ელჩები ოდესაში ჩავიდნენ, საიდანაც დღეს, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი უნდა გავიდეს.

ამის შესახებ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მელინდა სიმონსმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“მე და ჩემი კოლეგები, G7-ის ელჩები ოდესაში ვიმყოფებით, რომ ხაზი გავუსვათ იმ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელსაც თურქეთის და გაერო-ს შუამდგომლობით ხელი მოეწერა რუსეთის და უკრაინის მიერ. რუსეთმა შეთანხმებას პატივი უნდა სცეს”, – წერს დიპლომატი.

“მარცვლეულის შეთანხმებას” ხელი გასულ კვირას მოეწერა, რომლის მიხედვით ოდესა უკრაინის სამი პორტიდან ერთ-ერთია, საიდანაც მარცვლეულის იმპორტი მოხდება.

თუმცა, ზუსტად ერთ დღეში რუსეთმა ოდესა დაბომბა, რაც გაერო-მ, ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს, ანკარამ კი მხარეებს შეთანხმების პირობების შესრულების მოუწოდა.

აღნიშნულის კომენტირებისას რუსეთის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შეთანხმებით უკრაინაში “სპეცოპერაციის” დასრულება არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, სარაკეტო იერიშებს მარცვლეულის გადაზიდვასთან კავშირი არ აქვს.

როგორც რუსულ მედიას წყარომ განუცხადა, ოდესის პორტიდან პირველი გემი დღის განმავლობაში უნდა გავიდეს, თუ რაიმე “ფორს მაჟორი არ მოხდა”. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა შემთხვევაში შეიქმნება “ფორს მაჟორი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები