მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში
გაცემულია 5 086 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით
მეტია, 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტია. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ნებართვების 77.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე,
10.7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6
პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებს, აქ შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
“2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 246.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.3 პროცენტით მეტი) 1 168 ობიექტი (წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი).
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 39.4
პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე”, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.