თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდასთან, დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დღის პირველ ნახევარში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან ბარდაველიძე დაიღუპა.
„საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.
ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.