თეა წულუკიანი: ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა.
პრეზიდენტმა თქვა: „ 37 ელჩიდან 36-ზე ხელი მოვაწერე, ერთი რჩება, დავით ბაქრაძე, 5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან“.

თეა წულუკიანმა დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მასსადაც უმუშავია, ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი პროფესიული სინდისით, სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით.

„ჩვენი ქვეყნის ელჩები და საელჩოს თანამშრომლები არიან ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დგანან წინა ხაზზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დიდი გამოცდილების, პატრიოტიზმისა და მოტივაციის მქონე ერთი მეორეზე უკეთესი პროფესიონალი. რასაკვირველია, ყოფილან ელჩები, რომლებიც გამოწვეულან, რადგან ერთია, როდესაც საქმიანობ, როგორც დიპლომატი ქვეყნის შიგნით და მეორეა, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად სხვა ტიპის საქმიანობა გიწევს და შეიძლება, იქ არ აღმოჩნდე ისეთივე წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით. ასეთებიც ყოფილან, მაგრამ დავით ბაქრაძე არის კატეგორია, რომელიც სადაც კი არ უმუშავია მას და ის ჩემი კოლეგა ყოფილა სახელმწიფო მინისტრის რანგში არა ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვის ყოფილა გამორჩეული თავისი პროფესიული სინდისით, თავისი სერიოზულობით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით.

მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მინისტრი აწ უკვე კულტურისა და სპორტის და ვიცე-პრემიერი, მადლობას ვუხდი დავით ბაქრაძეს მაღალ შეფასებას ვაძლევ მის ელჩად საქმიანობას. აქვე ცოტა უფრო პერსონალურ ნოტაზე დავძენ, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს მიჰყავდა არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს ახალგაზრდებს ვიზალიბერალიზაციის მიზნით, ასოცირების შეთანხმების მიზნით და შემდეგ ამ რეფორმების მნიშვნელობის წლებთან ერთად დაკნინებას ცდილობდა მავანი, მათ შორის ვაშინგტონში დავით ბაქრაძე იყო სწორედ ის ელჩი, რომელიც ხელს უწყობდა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ზუსტი, ადეკვატური და სამართლიანი ინფორმაცია მიეღოთ უცხოელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რასაკვირველია, სრულიად დაუშვებელია კრიტიკა, რომელიც ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ გუშინ საქართველოს წარმომადგენლის, მაღალი დონის წარმომადგენლის, ელჩის, ბატონი დავით ბაქრაძისადმი. ეს არის დაუშვებელი, რადგან უსამართლობაა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი ერთი და იგივე გამოსვლაში იავს, აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, ვისურვებდი, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები