კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს ყოველდღიურად აწარმოებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი ანაზღაურებაზე აისახება.
„ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“, – აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.